მეუგე იაკობი: ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა

ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა, - ამის შესახებ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ მე და სახალხო დამცველი შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა. უკვე აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ბავშვებს ნინოწმინდაში სხვა ტერიტორიაზე გადაიყვენენ. პანსიონის ადგილზე კი დღის ცენტრი იქნება.

"გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, ეკლესია, ევროკავშირი, USAID და ასევე "ვორლდ ვიჟენი", ახლა მონაწილეობს სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს წასვლის სურვილი ექნება, სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ სად წავიდნენ.

"რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, მოძველებულია, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულებაში მისივე გეგმით, 10-მდე ბავშვი უნდა იყოს.

"მქონდა საუბარი UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.