სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ბავშვების ინტერესებთან მიმართებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა აქვთ.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა შეხვედრა იყო კონსტრუქციული.
"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველს, შესაბამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ მონიტორინგის განხორციელება. შევთანხმდით იმაზე, რომ ალბათ, მომავალი კვირის ბოლოს ერთად წავალთ პანსიონში, რათა ვნახოთ სიტუაცია, მეც გავესაუბრო ბავშვეს, მოვხსნათ არსებული დაძაბულობა და მივიღე პირობა, რომ ამის შემდეგ ჩვენ უპრობლემოდ განვახორციელოთ მონიტორინგი.
მსოფლიოშიც, ევროპაშიც რელიგიურ დაწესებულებებს აქვთ თავშესაფრები, იქნება ბავშვთა, მოხუცთა, თუ შშმ პირთა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა, მთავარია, რომ სახლები შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იქ იყოს გადამზადებული პერსონალი, რომელსაც შეუძლია ბავშვებთან მუშაობა, მათი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ღია" - განაცხადა ლომჯარიამ.