Reuters-ი: ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ევროკავშირი Ryanair-ის ინციდენტთან დაკავშირებით ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ დიპლომატიურ წტაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს.

როგორც ცნობილია, სანქციები, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტს უკავშირდება, ევროკავშირის ელჩებმა ოთხშაბათს დაამტკიცეს, საგარეო მინისტრები კი მას, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებენ.

დიპლომატების თქმით, ახალი სანქციების სამიზნე შვიდი ადამიანია, რომლებსაც ბელორუსის საავიაციო სექტორთან კავშირი აქვთ.

დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის ელჩები ასევე შეთანხმდნენ სანქციების მეოთხე პაკეტზე, რომელიც, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ, 70-ზე მეტი პირისთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ეს პაკეტი 23 მაისამდე მზადდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.