დღეს, 12 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება "სირცხვილია" საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირებას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონთან უყურებენ.
მატჩი საღამოს 9 საათზე იწყება და შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც თამაშის დასასრულამდე დარჩებიან, კომენდანტის საათის დარღვევა მოუწევთ.
ორგანიზატორები გირჩი, ლელო საქართველოსთვის, თავისუფალი დემოკრატები, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე და სირცხვილია არიან.
"ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს! 12-ში, 20:45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან! გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან. გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს. თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება", - წერენ ორგანიზატორები.