ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს შეიმუშავებს. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ.
ნინო ლომჯარია 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს დეპუტატებს.
„პარლამენტის მიერ შემუშავებული დადგენილების მიხედვით გვექნება უკვე შესაძლებლობა ვისაუბროთ სამომავლოდ სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, რომელიც იქნება სწორედ ის სამუაო, რომელიც საქართველოში გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
დღესვე კომიტეტი იმ უწყებების პოზიციებს გაეცნობა, რომელთა მიმართ სახალხო დამცველმა რეკომენდაციები და წინადადებები შეიმუშავა და გასცა.
სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც 31 თავისგან შედგება, მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.