ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება

26 ივნისიდან, ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Twitter-ში განაცხადა.

"26 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება შემდეგ ხუთშაბათს, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება. ესპანელების სიხარული მთავრობის სიხარულია. ჩვენ კიდევ ერთხელ დატკბებით ცხოვრებით, ქუჩაში ნიღბის გარეშე", - წერს პედრო სანჩესი.

მისი თქმით, სოციალური თვალსაზრისით, ეს ძალიან მინიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, ესპანეთში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება 2020 წლის მაისიდანაა სავალდებულო. ამ მხრივ გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მქონე პირებისთვის, ვისთვისაც პირბადის გამოყენება რთული, ან სახიფათოა.