კელი დეგნანი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ემყარება

აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „საქართველო: ხედი სილიკონის ველიდან", რომელსაც სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო მასპინძლობდა.

ელჩის თქმით, აშშ ძალიან ამაყია, რომ განაგრძობს წვლილის შეტანას საქართველოს ძალისხმევაში, გახდეს სტაბილური და წარმატებული დემოკრატია სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკური ერების ოჯახში“.

კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ სასამართლო რეფორმას და შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას ეხმარება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

„ქართველებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიებაზე განიხილავდნენ გლობალური გაციფრულების მიმდინარე ტრენდებსა და მის გავლენას სწრაფად განვითარებად სამყაროზე. ასევე, განიხილეს ტექნოლოგიისა და ინფორმაციის ხანაში ადაპტაციის გადაუდებლობის მნიშვნელობა.

კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესები და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს