კელი დეგნანი: ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესები და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს

„აშშ ძალიან ამაყია, რომ განაგრძობს წვლილის შეტანას საქართველოს ძალისხმევაში, გახდეს სტაბილური და წარმატებული დემოკრატია სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკური ერების ოჯახში“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „საქართველო: ხედი სილიკონის ველიდან", რომელსაც სან-ფრანცისკოში საქართველოს საკონსულო მასპინძლობდა.

კელი დეგნანის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს კი არსებითად მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის, რომელიც მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკული ბიზნესი და ინვესტორები ელიან მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს შესაძლებლობებს და ძლიერ ინოვაციებს. მათ სურთ სანდო, ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა.

ამერიკის საელჩო აქ არის, რომ დაეხმაროს ამერიკული და ქართული ბიზნესების დაკავშირებას. მე ველი ეკონომიკური წინსვლის გაგრძელებას, რომელიც ვნახეთ და ჩვენს ძლიერ ჩართულობას ამ სფეროში“, - აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.

„დიჯიტალიზაციის პროცესი დაჩქარდა და ქმნის შესაძლებლობებს სტარტაპ სექტორში. საქართველო ავითარებს ტექნოლოგიურ ბაზარს, რომელიც აშშ-ის ბიზნესს ინვესტიციებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ელჩის განცხადებით, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება პროგრესს, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მხარს უჭერენ სასამართლო რეფორმას და შეერთებული შტატები ამ ძალისხმევას ეხმარება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

„ქართველებს სულ უფრო მეტად ესმით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიებაზე განიხილავდნენ გლობალური გაციფრულების მიმდინარე ტრენდებსა და მის გავლენას სწრაფად განვითარებად სამყაროზე. ასევე, განიხილეს ტექნოლოგიისა და ინფორმაციის ხანაში ადაპტაციის გადაუდებლობის მნიშვნელობა.