პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე პრემიერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა, რის გამოც სხვადასხვა პოლონელი პოლიტიკოსი დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„კიბერშეტევის შედეგად, პოლონეთის ოფიციალური პირები, მინისტრები და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე დეპუტატები დაზარალდნენ“, - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

კაჩინსკის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია მას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა მიაწოდეს.

"პოლონეთის დეპარტამენტებისა და მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად აშკარად დადგინდა, რომ ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან", - შემდეგ აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ვიცე პრემიერის განცხადებით, თავდასხმის ერთ-ერთ მიზანს ადგილობრივი საზოგადოებისთვის დარტყმის მიყენება და ქვეყნის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა.

იაროსლავ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება. მას არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა.