თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა და განცხადებას ავრცელებს.

„მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარება შევაჩერეთ, აბსურდია. გასულ კვირას, აშშ-რუსეთის სამიტის წინ, ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 150 მილიონი დოლარის პაკეტი გამოვყავით, მათ შორის ლეტალური იარაღი. ჩვენ ახლა მივაწოდეთ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა. სამიტამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს სამიტზე მთელი მსოფლიოს წინაშე თქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რათა მან შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მოვამზადეთ სარეზერვო თანხები უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ურყევი ვიქნებით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა.

წყაროების ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების გაყინვის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტამდე მიიღო. წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნული პაკეტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა უკრაინის საზღვრიდან.