საგარეო უწყება მოსკოვის მიერ სოფელ აიბღას ნაწილის "თავის ტერიტორიად გაფორმებას" ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მიერ სოფელ აიბღას ნაწილის "თავის ტერიტორიად გაფორმებას" საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ საგარეო უწყებაში Europetime-ს განუცხადეს.

"რუსეთის ფედერაცია, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, ეფექტურ კონტროლსა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესს ახორციელებს, წლებია, დგამს ნაბიჯებს გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ აიბღას ფორმალური ანექსიის მიმართულებით. მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება რუსეთის საკადასტრო რუკაზე წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი კი ორმხრივ ფორმატში განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია სრულად შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და რეგიონების სრულ დეოკუპაციას და შეცვლის უკანონო გადაწყვეტილებას მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.