Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს. მისი თქმით, საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია.
„ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა.
როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.