რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.

„საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება.

ამ ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას.

მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუებში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ანალიტიკოსები და დიპლომატები საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე მიუთითებენ. ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ჩატარებული ასეთი სამუშაო ნამდვილად ამაღლებს საქართველოს როლსა და მნიშვნელობას.

„ქართული დიპლომატია უნდა იყოს აქტიური და ჩვენ ამ კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია. ამ ფაქტმა დაამტკიცა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს როლის წარმოჩენისთვის არამხოლოდ ამ კონფლიქტში, არამედ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სერიოზული წვლილი შეაქვს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის.

ასე რომ, ეს არის ის, რაც გვჭირდება. მხოლოდ მივესალმები მეტ ასეთ აქტიურობას, შედეგს და იმას, რომ ამ ქვეყნის როლი, ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონში, ასეთი ტიპის ქმედებები კი ნამდვილად ამაღლებს საქართველოს როლს და მნიშვნელობას“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ის მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დრო, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა: „იყო ისეთი მნიშვნელოვანი შეკრება, როგორიც არის „დიდი შვიდეული“, ამ პერიოდში საქართველოს წარმოჩენა არამხოლოდ გასახარია, არამედ მისასალმებელია. ეს აუცილებელი იყო და თავისთავად ცხადია, როდესაც ეს ყველაფერი ხდება ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, როგორც პარტნიორის და კავკასიაში სტაბილურობაში წვლილის შემტანი სახელმწიფოს როლს უსვამს ხაზს და ეს როლი უნდა დავიმკვიდროთ. ეს ფაქტი კარგია, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მართლაც გადაიქცეს ამ ტიპის საერთაშორისო დიალოგის პლატფორმად, ეს არის აუცილებელი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან ინტერვიუში.

„ხაზი გაესვა იმას, რომ ამერიკას და დასავლეთს რეგიონში საქართველოს სახით მოკავშირე ჰყავს, საქართველოს უყურებენ, როგორც პარტნიორს და ეს პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი რეგიონში ატარებს, მშვიდობიანია“, - აცხადებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი კახა გოგოლაშვილი Europetime-თან ინტერვიუში.

„ძალიან პოზიტიური აქტი განხორციელდა, რომ ტყვეების გაცვლასა და დანაღმული წერტილების რუკების გადაცემაზე. საქართველო გამოჩნდა, როგორც ამერიკასთან ერთად ტანდემში მოქმედი ქვეყანა და ეს არის ძალიან დადებითი, პოზიტიური მოვლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში არის რესურსი და შანსი, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ეს როლი, რომელიც ბუნებრივად უნდა იტვირთოს საქართველომ, როგორც დასავლეთის პარტნიორმა ქვეყანამ რეგიონში.

რუსეთი აქ ძალიან ცუდად გამოჩნდა, რადგან ამერიკამ და საქართველომ დაასწრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როდესაც „სამშვიდობო მისია“ რუსეთს აქვს დაკისრებული და ამის მანდატი აქვს ორივე ქვეყნისგან. მაგრამ როგორც გამოჩნდა, ამ როლს რუსეთი ვერ ასრულებს. პირიქით, მას ინტერესი აქვს, რომ დაპირისპირება შენარჩუნდეს და „რუსეთი სულ სჭირდებოდეთ მუდმივად ომის ზღვარზე მყოფთ“. და როდესაც განმუხტვის მიმართულების მიცემა იყო აუცილებელი, აქ რუსეთი გაჩერდა და საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ასეთი შუამდგომლობა გამოიჩინეს. ეს იყო რუსეთზე პოლიტიკური გამარჯვება რეგიონში“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი რეგიონში საქართველოს მიერ შესრულებულ როლს დადებითად აფასებს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა სამხედრო ტყვეების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან.

Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო შექებას იმსახურებს.

„ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა.

როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. ეს ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას.

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო

ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა

ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება