პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ დიალოგის დაწყება მათ შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურება.
„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, რაც შეეხება საკითხებს და იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, - თქვა თალაკვაძემ.
დღეს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის და საქართველოს ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბება. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.