20 ივნისი მამის დღეა

დღეს მამების დღეა. აღნიშნული თარიღი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დღეს აღინიშნება, თუმცა ძირითადად მას ივნისის მე-3 კვირა დღეს ზეიმობენ.

დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.

მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.

მამების დღე აგრეთვე აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-მა, გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ (Men Care) ფარგლებში

კამპანიის მიზანია, წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას.