პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ცნობისთვის, დღეს ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა.