ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი) და ჩემი ხელმძღვანელობით შექმნის მთავრობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92% აქვს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.