სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1%- ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6%-ით გაიზარდა და 1 123.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 250.0 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 185.8 მილიონი. აშშ დოლარითა და თურქეთი – 125.9 მილიონი აშშ დოლარით.