აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნულ უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარების გადაცემა მაშინ მოხდება, თუკი რუსეთი უკრაინის საზღვრებთან კვლავ დაიწყებს ჯარის განლაგებას.
"ის იქ არის (100 მილიონი რეზერვში) და ეს იცის რუსეთმა, ეს იცის უკრაინამ, მაგრამ ის, რომ ჩვენ თითქოს უკრაინას რაიმე სახის უსაფრთხოების დახმარება შევუჩერეთ, უბრალოდ უაზრობაა", – თქვა სალივანმა სამხედრო დახმარების პაკეტის შეჩერების ინფორმაციაზე.
Politico რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ აშშ-მ უკრაინას $100 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე, რუსეთმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან განთავსებულ ჯარს შეამცირებდა.
სალივანის თქმით, დამტკიცებული $275 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკვე გადახდილია, ხოლო დამატებითი $100 მილიონიანი პაკეტი სპეციალური შემთხვევებისთვის იყო გადადებული.
"როდესაც (რუსეთის) ჯარი (უკრაინის საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან) გავიდა, ჩვენ ეს პაკეტი რეზერვში გადავდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში მისი გამოყენების საჭიროება დადგებოდა", – თქვა სალივანმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, სალივანმა განაცხადა, რომ შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.
სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საკითხს უკავშირდება.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტიის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს შედგა.