ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2022 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, სანქციების ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ზომები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებს.

„ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიას და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა.