დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძეზე: საჯაროდ შეიძლება ვერ ვთქვა სხვა ბერკეტებზე, რომლებსაც ვიყენებთ

„ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „გუშინ დაბრუნდა ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი და ძალიან მწვავედ ისაუბრა ამ თემაზეც“.

„არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, რომელზეც ზაზა გახელაძის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით არ ყოფილიყო წამოწეული. ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი. გუშინაც ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან დავბრუნდი, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი და ძალიან მწვავედ ვისაუბრე ამ თემაზე.

ასევე ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ეუთოს მუდმივ საბჭოზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტებზე და ეს ყველაფერი ასახულია შესაბამის გადაწყვეტილებებში. თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის ფორმატის მომავალი რაუნდი და აქაც ძალიან მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მას არაფრად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინება. საჯაროდ შეიძლება ვერ ვთქვა სხვა ბერკეტებზე, რომლებსაც ვიყენებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა არსებული და სხვა ფორმატები, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მაქსიმალურად არის გამოყენებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს