"ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი", - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია - ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცით. ჩვენი ფასილიტატორების სურვილი, ისევე როგორც ჩვენი ყველასი და ატმოსფერო არის ასეთი, რომ ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაცა ტიპის პოლიტიკური შეთანხმება არის მისაღწევი,"- განაცხადა ჯაფარიძემ.