ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში, აშშ-მა 16 ფიზიკური პირი და 5 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა.

გავრცელებული იმნფორმაციით, აშშ-მა შავ სიაში ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, აგრეთვე ბელარუსის შს სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო შეიყვანა.

როგორც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება ლუკაშენკოს მთავრობის "გამძაფრებული ძალადობისა და რეპრესიების საპასუხოდ" მიიღეს.

"შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები არ შეეგუებიან დემოკრატიის წინააღმდეგ შეტევას", - განაცხადა ანდრეა გაკიმ, ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორმა.

შავ სიაში მოხვდნენ ფიზიკური პირები, რომლებსაც ბრალი ედებოდა აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.