იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესებისა და ღონისძიებების დადგენისთვის საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მინიჭებული უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე უგრძელდება.
ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია აღნიშნული ვადის მეოთხედ გადაწევა. ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, საკანომდებლო ორგანო თავისი ნებით თმობს კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ უფლებას და მოვალეობას კრიზისულ სიტუაციაში თავად დააწესოს და წარმართოს კოვიდთან ბრძოლის პოლიტიკა, რაც მიუღებელია. ანა ნაცვლიშვილმა შეკითხვა დასვა, ასევე კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
შეკითხვებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ უპასუხა. მისი თქმით, წარმოდგენილ რეგულაციებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები არ ირღვევა.
„კანონპროექტის მიზანია 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, - განაცხადა მომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.
ცვლილებები ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“.
ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის შესაბამის უწყებებს 2022 წლის 1 იანვრამდე ექნებათ შესაძლებლობა განაგრძონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ მიმართული ყველა აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიებები.
კანონპროექტი გამარტივებული წესით იხილება და მასზე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებენ.
მოქმედი კანონით, აღნიშნული უფლებამოსილება მთავრობას 2021 წლის 1 ივლისს ეწურება.
კანონპროექტს მხარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს.
ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა შავგულიძემ ხმა წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგ მისცა.