საქართველოს, მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია

2021 წლის 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს, მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივანი, თომას გარეტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო სამეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კოალიციის გენერალურ მდივანს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თომას გარეტს საქართველოში ვიზიტისთვის.

"შეხვედრაზე განიხილეს კოალიციის ფარგლებში საქართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს თავმჯდომარეობით, კოალიციის სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ განსახორციელებელი აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს ჯგუფის წევრ ქვეყნებში არსებული დადებითი გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და კარგი პრაქტიკების შესწავლას.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანმა კოალიციის გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რუსეთის მხრიდან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებს, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის, ე.წ. „ბორდერიზაციის“, უკანონო დაკავებების, გატაცებებისა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეში დარღვევის ფაქტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

საქართველო, როგორც დემოკრატიული განვითარების მდგრადობის კუთხით გამორჩეული ქვეყანა, მთავრობათაშორისი კოალიციის პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, 2019 წლის ოქტომბერში მიწვეულ იქნა კოალიციის მმართველი საბჭოს წევრად.

მმართველ საბჭოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მთავრობათაშორისი კოალიციის მიერ 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში.

გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, დემოკრატიული პროცესების განმტკიცების კუთხით, ქვეყნის წინსვლის დადასტურებაა. გენერალურ მდივანს ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს და საკუთარი თვალით იხილოს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიღწეული შედეგები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კოალიციის გენერალური მდივნის შეხვედრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან. ვიზიტის ფარგლებში თომას გარეტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, რათა პირადად გაეცნოს იქ არსებულ სავალალო ვითარებას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.