BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავღანეთში „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე, აშშ-მა ქვეყნიდან სამხედროების გაყვანის პროცესი შესაძლოა, შეანელოს.
მისივე თქმით, 11 სექტემბრამდე სრული გაყვანის ბოლო ვადა კვლავ მოქმედებს, მაგრამ ტემპი შეიძლება შეიცვალოს.
გასულ კვირას პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯარის დაახლოებით ნახევარი ავღანეთიდან უკვე გასულია. ბოლო თვის განმავლობაში თალიბებმა შეტევები გაააქტიურეს და 30-ზე მეტ ოლქზე კონტროლი დაამყარეს.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ისლამისტურმა ჯგუფმა დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა მოიპოვა, ასევე მოკლა, დაჭრა ან ტყვედ აიყვანა ათობით ჯარისკაცი. „თალიბანი“ აცხადებს, რომ დაჯგუფებამ ჩრდილოეთით მდებარე ყუნდუზის პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყარა და ავღანეთის მთავრობამ მხოლოდ პროვინციის დედაქალაქი შეინარჩუნა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ყუნდუზს თალიბებმა ალყა შემოარტყეს.