არიან ქვეყნები, სადაც სუროგაცია სრულად აკრძალულია, მათ შორის - ჩინეთი და ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. სუროგაცია ნაწილობრივ აკრძალულია კანადასა და დიდ ბრიტანეთში. კერძოდ, დაშვებულია მხოლოდ არაკომერციული [ალტრუისტული] ფორმით.
ევროპარლამენტის მონაცემებით, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში სუროგაცია აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს აკრძალვა პირდაპირ კრძალავს პროცედურას, ზოგან კი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების რეგულირება ისეა მოწყობილი, რომ სუროგაცია ირიბად იკრძალება.
2014 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სუროგაციასთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, განსაკუთრებით იმ შემთხვევებზე, როდესაც მშობლობა საზღვარგარეთ სუროგაციის გზით არის დადგენილი. სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ სახელმწიფო არ აღიარებს საზღვარგარეთ სუროგაციის შედეგად დადგენილ მშობლობას, მან უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც ამგვარი არასრულყოფილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობას მისცემს.
2022 წელს ევროკომისიამ წარადგინა რეგულაციის პროექტი მშობლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში განხორციელებული სუროგაციის შემთხვევებზეც გავრცელდებოდა. საკითხის გადაწყვეტის გზებზე ევროკავშირის საბჭოში განხილვები კვლავ მიმდინარეობს. 2026 წლის ნოემბერში საკითხი პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად მომზადების ეტაპზე გადავიდა.
2024 წელს მიღებული დირექტივით, რომელიც ადამიანით ვაჭრობის პრევენციას, მასთან ბრძოლასა და მსხვერპლთა დაცვას ეხება, სუროგაციის ექსპლუატაცია პირველად განისაზღვრა ადამიანით ვაჭრობის ერთ-ერთ ფორმად.
ევროპარლამენტის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის 14 ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია.
პირდაპირი კანონით აკრძალულია ცხრა ქვეყენაში:
- ბულგარეთი
2. ხორვატია
3. საფრანგეთი
4. გერმანია
5. იტალია
6. ლიეტუვა
7. მალტა
8. სლოვენია
9. ესპანეთი
კანონმდებლობით ფაქტობრივად აკრძალულია ხუთ ქვეყანაში - სუროგაცია პირდაპირი კანონით ან სამედიცინო რეგულაციებით აკრძალულია.
10. ავსტრია
11. ესტონეთი
12. ფინეთი
13. უნგრეთი
14. შვედეთი
სუროგაციის სფერო საკანონმდებლო რეგულირების გარეშეა დარჩენილი კენიაში, ნიგერიაში, ფილიპინებში.
სომხეთში სუროგაცია დაშვებულია და რეგულირდება კანონით.
აზერბაიჯანში სუროგაცია პირდაპირ აკრძალული არ არის, მაგრამ სპეციალური რეგულაციები არ არსებობს. ამ ქვეყანში სუროგაციის სპეციალური რეგულირება არასრულყოფილია.
სრულად ლეგალურია და კომერციულ ხასიათს ატარებს სუროგაცია აშშ-ში.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასეებები
2025 წლის 14 ივლისს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებში, რიმ ალ-სალემმა გამოაქვეყნა ანგარიში [The different manifestations of violence against women and girls in the context of surrogacy (A/80/158].
ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
- სუროგაცია შესაძლოა, ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდეს.
- კომერციული სუროგაცია ქალის სხეულისა და რეპროდუქციული შესაძლებლობების კომერციალიზაციის რისკს ქმნის.
- ეკონომიკურად დაუცველი ქალები ექსპლუატაციის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.
- არსებობს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და რეპროდუქციული უფლებების დარღვევის რისკები.
- ბავშვებთან დაკავშირებით წამოჭრილია იდენტობის, მოქალაქეობის, მიტოვებისა და ტრეფიკინგის საფრთხეები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ორგანიზაციის მინისტრთა კომიტეტს, განეხილა სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვების უფლებების დაცვის ევროპული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა:
- ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვაზე;
- ბავშვის სამართლებრივი მშობლობის აღიარებაზე;
- საერთაშორისო სუროგაციის შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ პრობლემებზე;
- ბავშვების მოქალაქეობისა და იურიდიული სტატუსის დაცვაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია
სასამართლოს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი პრინციპებია:
- სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ სუროგაციის დაშვების ან აკრძალვის პოლიტიკა.
- თუმცა სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს.
- უცხოეთში სუროგაციით დაბადებული ბავშვის სამართლებრივი მშობლობის საკითხი არ უნდა დარჩეს გადაუჭრელი.
- ბავშვის საუკეთესო ინტერესები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ცნობისთვის, საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვა იგეგმება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „პრინციპულ გადაწყვეტილებას“ უწოდებს საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას.
კობახიძის თქმით, როგორც არ უნდა დაარეგულირო სუროგაციის საკითხი, ექსპლუატაციის პრობლემა არ იხსნება.
„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციასთან. ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც სუროგაცია ჰქვია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად, აქედან გამომდინარე რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას,“ - განაცხადა კობახიძემ.
„ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია... რა თქმა უნდა, სუროგაციაზეც გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია, უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, საპატრიარქოს, ეკლესიის მოსმენა, მათი აზრის გათვალისწინება, ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
პატრიარქმა ხსენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით 23 ნოემბერს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების საუბარი.
„დიდი კმაყოფილებით მინდა, გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.
რა თქმა უნდა, ამას წინ უსწრებდა, ჩვენი ურთიერთობაც ერთმანეთთან, საუბარიც ამ პრობლემისა და მიმდინარე პრობლემების თაობაზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს, თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებისა და დანერგვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა პატრიარქმა.
ინფორმაციისთვის, არსებობს ტრადიციული სუროგაცია - როდესაც სუროგატი დედა ბავშვის ბიოლოგიური დედაცაა, რადგან მისი კვერცხუჯრედი გამოიყენება. ასევე - გესტაციური სუროგაცია - როდესაც სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედა არ არის; ემბრიონი სხვა ქალის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გამოყენებით იქმნება ან გამოიყენება დონორის უჯრედები.