ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Echowaves 2021"გაუქმდა

2021 წლის ზაფხულში ანაკლიაში დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ოფიცილურ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, Echowaves 2021 წელს 19-22 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო.

"დიდი სურვილისა და შემართების მიუხედავად, წელს ანაკლიაში შეგხვედროდით, სამწუხაროდ, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი კოვიდ ვითარება ამის საშუალებას არ გვიტოვებს.

Echowaves-ის გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფესტივალი 2021 წლის 19-22 აგვისტოს აღარ ჩატარდება.Echowaves 2022 წლისათვის გადაიდო.

ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, პირველ რიგში, სტუმრების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ და ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. ფესტივალებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა ჯერ კიდევ ძალაშია, შესაბამისად, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები, მათ მიმართავს, ვისაც მულტიპასი აქვს:

შესაძლებელი იქნება მისი შენახვა და 2022 წელს გამოყენება;შესაძლებელია ბილეთის ღირებულების დაბრუნება (თანხის მისაღებად გადადით www.tkt.ge-ს მიერ მულტიპასის შეძენის დროს მეილსა და მობილურის ნომერზე გადმოგზავნილ ლინკზე და მიჰყევით ინსტრუქციას). ბილეთის ფასის დაბრუნების მსურველებისთვის ლინკი 21 ივნისიდან 21 ივლისამდე იმუშავებს;თუ მოცემულ თარიღებში ბილეთებს უკან არ დააბრუნებენ, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის ფესტივალზე.

"Echowaves 2022 წლის 18-21 აგვისტოს ჩატარდება. მალე შევხვდებით ანაკლიაში!" - აცხადებენ ორგანიზატორები.