ინდურ შტამს განსხვავებული კლინიკური ნიშნები აქვს, რაც დიაგნოსტიკურ პროცესს ართულებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრობს.
„აქ წამყვანია ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო. მას არ ახასიათებს ცხელება და ხველა, როგორც ძირითადი სიმპტომი. ჩინური შტამის შემთხვევაში, წამყვანი სიმპტომები იყო ცხელება და ხველა. ინდურ შტამს ახასიათებს განსხვავებული სიმპტომატიკა და უფრო მეტად აგრესიულია ახალგაზრდებსა და 12-დან 15 წლამდე ბავშვებში. ეს შტამი გადმოწევს ინფიცირებულთა საშუალო ასაკს. გრიპის დროს, ერთი ადამიანი აინფიცირებს მის გარშემო 1,3-ს, ჩინური შტამის დროს - 2,5-ს, ჩინურ შტამთან შედარებით ბრიტანული 60%-ით გადამდებია. დელტა შტამის შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო შეიძლება აინფიცირებდეს 4-5 ადამიანს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.