საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს. ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე უკვე მზადაა.
„ზაზა გახელაძის ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი რათა უკვე მათ თავის მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. ამის თაობაზე ჩვენ მოვუყვებით ოჯახს. ვერ ვიტყვით ამ თხოვნას, რა შედეგი მოჰყვება. ჩვენ დაველოდებით პასუხს, რას მოიმოქმედებს მხარე, რომელსაც ჩვენ მივმართეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოჯახს, შეინარჩუნოს მხნეობა. ოჯახში ბავშვები არიან და ეს მათთვის რთული პერიოდია. ყველანი უნდა დაელოდონ და შეხვდნენ ზაზას მხნედ და ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, ოჯახის კარგად ყოფნა იქნება მისთვისაც ნუგეში და გამამხნევებელი“, – განაცხადა ზაზა გახელაძე ოჯახთან შეხვედრის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ.
რაც შეეხება ოჯახის პოზიციას. ის ამ დროისთვის უცვლელია და 23 ივნისს საპროტესტო აქცია ქვემო ჭალიდან დაიწყება.
ცნობისთვის, ხვალ ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.