ჯანმო: მსოფლიოში, გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

ჯანმოს ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 505 344 ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 11%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით.

მეორეა ინდოეთი 441 976 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 30%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 193 907 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 10 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი არგენტინა ( 149 673 ახალი შემთხვევა) და რუსეთი (108 139 ახალი შემთხვევა) არიან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში, გასული კვირის განმავლობაში, დაინფიცირებულების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 31%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.