პოლიტიკური დიალოგი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველსა და ჩვენს შორის ურთიერთნდობის საფუძველზე. უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი მიზნები აერთიანებთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„იმედი გვაქვს, ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ ყირიმის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პანდემიის მიუხედავად, სავაჭრო ბრუნვა 25%-ს მიაღწევს.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.