უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმი, შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“.
„უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკური დიალოგი კი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველსა და ჩვენს შორის ურთიერთნდობის საფუძველზე. უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი მიზნები აერთიანებთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ და საქართველოს მადლობა გადაუხადა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
„იმედი გვაქვს, ქართულ მხარესთან ვითანამშრომლებთ ყირიმის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ მინდა დავადასტურო უკრაინის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანამ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.
„ჩვენ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები გვაქვს. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობების. მწამს, ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალშიც ტრადიციულად გაგრძელდება, განვითარდება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებში, ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების ინტერესებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ეწვია. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თბილისსა და კიევს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს