დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700 000 ადამიანისთვის საჭირო დოზა აქვს შეკვეთილი, რომლითაც პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრებიან.
კითხვაზე, რომელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა საქართველოში, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ვაქცინების გლობალური ალიანსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, საქართველომ გლობალური ალიანსის ანგარიშზე 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა.
,,სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით, 8 მილიარდი დოზა. ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს გადაწყვეტილი იქნება ე.წ. კოვაქს - პლატფორმაზე, რომელიც შექმნილია ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ორი ათეული წელია. თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ეს პლატფორმა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, ჯერ არ ვიცით.
საქართველომ 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა კოვაქს პლატფორმაზე და დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის მოცვისთვის დოზა ვაქცინისა, სულ ეს ჯდება 17 მილიონ დოლარამდე.
პირველი შენატანი საქართველოს შეტანილი აქვს და როდესაც რომელიმე ვაქცინა დამტკიცდება, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველო მიიღებს ამ ვაქცინას და აიცრება 700 000-მდე ადამიანი. პირველ რიგში ესენი იქნებიან მაღალი რისკ-ჯგუბი, რომელიც უკვე განსაზღვრულია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება პანდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედად ითვლება თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი თვეების შემდეგ გახდება, ,,ეს გადაჭარბებული იმედებია“.
,,კოვიდის ვაქცინის შექმნა და მისი პრაქტიკაში გამოყენება ითვლება დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი იმედად პანდემიის დამარცხების. თუმცა ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება თვეების შემდეგ, ეს გადაჭარბებული იმედები გახლავთ. დღეს დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი, აქედან კლინიკური კვლევის ფაზაშია რამდენიმე ათეული და ბოლო ფაზაში არის 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3-ს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია Pfizer- ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სადაც კვლევებმა აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს. თუმცა, დიდი ალბათობით არ იქნება მხოლოდ ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.