შს მინისტრმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს და მეკავშირე ოფიცერს, იაცეკ სტოხელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ადამიანების გატაცებაზე, გენდერულ საკითხებსა და საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ქართული მხარის მზაობას, დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მადლობა გადაუხადა განხორციელებული საქმიანობისთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.