ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ LGBT ადამიანების უფლებების შეზღუდვის გამო

ევროკომისია იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ LGBT ადამიანების უფლებების შეზღუდვების გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

მისი თქმით, ახალი კანონი არის „სირცხვილი“ და ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თანასწორობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

"მე დავავალე პასუხისმგებელ კომისრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მისწერონ წერილი ჩვენი სამართლებრივი შეშფოთების შესახებ, სანამ კანონპროექტი ძალაში შევა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ევროკავშირის თოთხმეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და იტალიამ, ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც უნგრეთში მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოხატული.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBTQ მასალებს კრძალავს.

ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBTQ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს LGBTQ თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ.