სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობა გაიზარდა. ამის შესახებ სახალხო დამცველა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"2020 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანილია 315 არასრულწლოვანი, მათი 15%-ის შემთხვევაში გადაყვანის საფუძველი სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე იყო.
2020 წელს ისევ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. 887 არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნეს, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე და 623 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი. გასული წლის განმავლობაში 254 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. იმ პირობებში, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობს მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკი და 12 ფსიქოლოგი, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის სერვისებზე, ან მათთვის გაწეული მხარდაჭერა არის არასაკმარისი.
საქართველოში გვხვდება ბავშვების შრომითი მიგრაცია, როგორც სეზონურად, ისე ხანმოკლე და გრძელვადიანი პერიოდით. ბავშვების ასაკობრივი ჭრილი კი 12-დან 18 წლამდე მერყეობს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.