კელი დეგნანი: სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს და მნიშვნელოვანია ამ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

როგორც ელჩმა იუსტიციის მინისტრთან რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი.

,,ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მინისტრი ბრეგაძესთვის მიმელოცა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და მომესმინა მისი პრიორიტეტების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები 25 წელზე მეტია საქართველოსთან მართლმსაჯულების, მათ შორის სისხლის სამართლებრივი სისტემის განვითარებაზე მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლებრივი, პენიტენციური და მთლიანად სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება USAID-ის, იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და არაერთი სხვა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა.

ეს არის სფერო, სადაც ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მნიშვნელოვანი იყო ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ მინისტრთან საუბარი, რის შედეგადაც შესაძლოა მის მიერ დასახული პრიორიტეტული მიმართულებების გაფართოებაც მოხდეს. ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა და სასამართლო სისტემა ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და სწორედ ამიტომ არის ჩვენი თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი მნიშვნელოვანი.

გასული წლის არჩევნების შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პერიოდში ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. სწორედ ამიტომ კმაყოფილება გამოვთქვით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლი რეფორმის შესახებ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია ასახული. ჩვენ მკაფიოდ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, როგორც მმართველ ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება მისი სრული სულისკვეთებით. მიზანი არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და გაძლიერება. ეს არის საქმე, რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ და რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა დეგნანმა.