კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე: ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი

ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჰარცელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი.

„ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და ვცდილობთ, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს ამ სიტუაციის გადასაწყვეტად, როგორიც არის ევროკავშირის სადამკვირებლო მისია, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სატელეფონო ცხელი ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იყოს პროგრესი", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.