აშშ-ის საელჩო: 19 აპრილს "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს

საქართველოში აშშ-ს საელჩო მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"19 აპრილს "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს". შეთანხმდნენ ყოველისმომცველ და ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის ახალ კანონმდებლობაზე", - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო Twitter-ში წერს და შარლ მიშელის დოკუმენტს აზიარებს.

დოკუმენტში, რომელიც საელჩომ გააზიარა აღნიშნულია:

"ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:

1. პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;

2. უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავონ;

3. ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

4. პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით.

ვადები:

1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2. პროექტი შედგენილია და 1-ელ ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა".