სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას

"პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ.

"რეალურად ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ურთიერთობები, რომელიც იყო შესული რაღაცა გაუგებრობაში და არა ჩიხში. ვუბრუნდებით იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობების ნორმა და უნდა გვემუშავა იმ მიმართულებით, რაც არის ორი ქვეყნის აუცილებელი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რამდენი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაწყებული ოკუპაციიდან, ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან დიდი გამოწვევა, რაც ჩვენც და უკრაინასაც პრინციპში ხელს უშლის, რომ წინ წავიდეთ ბევრად უფრი სწრაფად.

ოკუპაციის მიმართ ჩვენ ვიცით, რომ ახალი სტრატეგია მუშავდება, მათი მხრიდანაც არის სურვილი, რომ ამ თემებზე ყირიმის პლატფორმის დროს იყოს ჩვენი ხედვების შეჯერება. პრეზიდენტ ზელენსკის პირობა მივეცი, რომ საქართველო დაესწრება ყირიმის პლატფორმას, მონაწილეობას უთუოდ მივიღებთ. როცა ვამბობ, რომ უნდა ვიმუშაოთ და ის დაკარგული დრო აღვადგინოთ, ეს პირველ რიგში ეხება ევროკავშირს. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბათუმში გვექნება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია, არამედ ამჯერად ასევე ტრიოს სამიტი, რომელსაც დაესწრება შარლ მიშელი და რომელიც მოგვცემს საშუალებას, ძალიან კონკრეტულად, რომ ჩვენ, უკრაინამ, საქართველომ და დიდი იმედი მაქვს მოლდოვამ, რადგან ველოდებით მოლდოვაში არჩევნებს, სამივემ შევძლებთ, დავსახოთ ის გზა, რაც მიგვიყვანს კიდევ უფრო დაახლოებამდე და ინტეგრაციამდე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.