სახალხო დამცველი: ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, შეიძლება შეფასდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად

"ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებს.

"იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ნამდვილად ამ მიმართულებით“", - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, კრიტიკის საგანია ის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვების შემოღებასა და გაუქმებაზე, არ არის დასაბუთებული.

"როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზე, რა მეცნიერული გათვლების საფუძვლეზე.

რატომ ხდება კონკრეტული შეზღუდვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებელი და არ გვაქვს ვაქცინები. რჩება განცდა, რომ ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულ შემთხვევაში, ეკონომიკურ სარგებლიანობას ეფუძნება და არა გათვლად მონაცემებსა და მეცნიერულ დასაბუთებებს. დღეს არსებული ვითარება კრიტიკას ექვემდებარება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.