საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი წევრი საქართველოს შესახებ ინიცირებულ ორპარტიულ რეზოლუციაზე განცხადებას ავრცელებენ. ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი აცხადებენ, რომ რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს, იხილოს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებას და მის სულისკვეთებას.
„მაშინ, როცა საქართველო ახორციელებს 19 აპრილის შეთანხმებას და მუშაობს მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-მა აჩვენოს მხარდაჭერა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს. გუშინ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის მნიშვნელოვან ძალისხმევას, შექმნას უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა და წინ წავიდეს მისი ტრანსატლანტიკური მიზნების განხორციელების გზაზე“, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
„კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს, იხილოს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებას და მის სულისკვეთებას; რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და რომ ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად იმუშაოს ერთად, რათა განავითარონ და სრულად განახორციელონ აუცილებელი სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რაც საჭიროა დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის ერთად წინსვლის შესაძლებლობაზე.
ქართული დემოკრატიის სტაბილურობას გავლენა აქვს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი მავნე გავლენის გავრცელებაზე მუშაობს. ჩვენი ველით სენატში ორპარტიული პროგრესის განვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სენატორ შაჰინის ხელმძღვანელობით, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში სენატორები თბილისს ივნისის დასაწყისში სტუმრობდნენ.