კოვიდრეგულაციების დამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებულები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.
მათ შორის არის 245 000-ზე მეტი მოქალაქე, ასევე 344 იურიდიული პირი.
„დღეს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. ამ ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
პანდემიის პერიოდში, კარგად გვესმის, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. ძალიან რთული იყო 2020 წელი და აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარლამენტს. მქონდა კომუნიკაცია ჩვენს გუნდთან, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსთან, უმრავლესობასთან და ეს ინიციატივა უმოკლეს დღეებში მიიღება და დამტკიცდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.