ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი დაწესდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა გაიმართა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვქონდა. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ - 40%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

ამ დრომდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის ბარიერი არ არსებობდა.