მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში, საფრანგეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე იმსჯელეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
„კიდევ ერთხელ, ცალსახად აღვნიშნავთ, რომ ვგმობთ 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ევრო-ატლანტიკური კავშირების გაძლიერებაში.
„რა თქმა უნდა, ერთგულნი ვრჩებით, დავეხმაროთ საქართველოს, გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით 16 საპარლამენტო მანდატისთვის, 21 ნოემბერს ჩატარდება. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პატრიარქის გარდა სახელმწიფო მდივანი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის საკითხების განსახილველად.
„სახელმწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლოსთან დაკავშირებით,“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის.