საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება.
„საარჩევნო კოდექსით“ იქნება გათვალისწინებული, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება. მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება დაგეგმილი.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრა სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან გახმოვანდა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაეთანხმა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე.
„სამუშაო ჯგუფში, ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემთხვევაშიც კანონში დაფიქსირდეს არჩევნების თარიღი. ამიტომ, დღეს, ჩვენ სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ ცვლილების ასეთი რედაქცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.