BBC-ის ინფორმაციით, კანადის სასკაჩევანის პროვინციაში, ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე ასობით უსახელო საფლავი იპოვეს.
როგორც ბრიტანული გამოცემა კანადის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს,
აღმოჩენილია სულ მცირე 751 საფლავი. კანადის მკვიდრი მოსახლეობის ასამბლეის ხელმძღვანელმა, პერი ბელეგარდმა აღმოჩენას „ტრაგიკული, თუმცა არაგასაკვირი“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში ერთ-ერთი ინდიელი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ყოფილი სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს.
მე-19-20 საუკუნეებში კანადაში, მკვიდრი მოსახლეობის ბავშვების იძულებითი ასიმილიაციის მიზნით, სკოლა-ინტერნატები სავალდებულო იყო. სკოლები მთავრობისა და რელიგიური ლიდერების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1863-1998 წლებში მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი 150 000 ბავშვი იძულებით დააშორეს ოჯახს და სკოლა-ინტერნატებში განათავსეს.
სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაიცვალა 4 100-ზე მეტი ბავშვი. ექვსწლიანი გამოძიების შედეგად, 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.
ბოლო კვირებში კანადაში მოქალაქეებს კანადის სკოლა-პანსიონებში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან სიმბოლურად ბავშვის ფეხსაცმელები მიაქვთ.