ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის პირველი დღის დისკუსიის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები.
„ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები.
,,ჩვენი მდგრადობის განმტკიცებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მკაცრი და კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობას რუსეთის მხრიდან შემდგომი მავნე, უკანონო და ხელის შემშლელი ქმედებების მიმართ, ევროკავშირის ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტის სრულად გამოყენების შესახებ და პარტნიორებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ევროსაბჭო ასევე იწვევს კომისიასა და უმაღლეს წარმომადგენელს, წარმოადგინონ დამატებითი შემაკავებელი ზომების ვარიანტები, მათ შორის ეკონომიკური სანქციები", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან კავშირების გამყარებისა და ამ სახელმწიფოების მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობას. ამასთან, საბჭო აღიარებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების ევროპულ მისწრაფებას და ევროპულ არჩევანს.
„ევროკავშირი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ადამიანთა შორის კავშირების თუ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, რაც მათი მდგრადობის განმტკიცებას მოემსახურება. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი, და ასევე მათი ამოქმედების კონტექსტში. საბჭო ასევე ხაზს უსვამს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობებია გაღრმავებას“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის საბჭო საუბრობს, რომ ღიაა რუსეთთან შერჩევითი თანამშრომლობისთვის იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს. ასეთ საკითხებად დასახელებულია კლიმატი, ჯანდაცვა, ასევე ირანის ბირთვული შეთანხმება, ლიბია და სირია.
„ევროკავშირი შეისწავლის რუსეთთან დიალოგის პირობებსა და ფორმატებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო ასევე გმობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას რუსეთში და ხაზს უსვამს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის გაფართოების აუცილებლობას.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერები კიდევ ერთხელ მოითხოვენ 2014 წელს უკრაინის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის საქმის გამოძიებას, სიმართლის დადგენასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას. ისინი მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოს, ითანამშრომლონ ამ საქმის გამოძიებაში.