ბათუმის პორტში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების სამხედრო გამანადგურებელი გემი - “HMS Defender-ი” შემოვიდა.
„მოხარულები ვართ ბათუმში ვუმასპინძლოთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო გამანადგურებელს HMS Defender. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - იტყობინება ბრიტანეთის საელჩო.
ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის შეფასებით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გემის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების უნიკალური საშუალებაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთანავე, მხარეებმა სანაპირო დაცვის მიმართულებით ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის", - იუწყებოდა შსს.
ცნობისათვის, 23 ივნისს, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრიტანული ნაღმოსანი გემი რუსეთის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შავ ზღვაში მოძრავი ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. დიდმა ბრიტანეთმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
დღეს Telegraph-მა დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი ქვეყნის თავდაცვის უწყებას წინასწარ აფრთხილებდა, რომ ყირიმის სიახლოვეს ბრიტანული სამხედრო ხომალდის გავლა რისკის შემცველი იყო.
მისივე ცნობით, დომინიკ რააბმა წინასწარ გააფრთხილა ბრიტანეთის მთავრობა, რომ მოსკოვს ამ ფაქტით სარგებლობა შეეძლო. ამავე წყაროს ცნობით, ხომალდის მარშრუტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან ერთი დღის შემდეგ, 24 ივნისს, ჯონსონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბრიტანეთი არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას და განაცხადა, რომ სამეფო ფლოტის გამანადგურებელი უმოკლესი მარშრუტით, ორ პუნქტს შორის, უკრაინიდან საქართველოში მიდიოდა.